Feeds:
Posts
Comments

ჩემ გარშემო ისე კვდებიან ადამიანები, ვითომ არაფერი. ვითომ არაფერში იმას ვგულისხმობ, რომ ეს ძალიან მოულოდნელად ხდება, გეგონება ძალიან ადვილია და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ასე მოხდეს. გეგონება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გეგონება კიარა ასეა.

მთელი ცხოვრება, მთელი კაცობრიობა (აზრზემოსული კაცობრიობა) იმისთვის იბრძვის, რომ მეტი იცოდეს, მეტი შეეძლოს და თავიდან აიცილოს ის უმწეობა, რაც ადამიანის სიკვდილს მოაქვს. მთელი ცხოვრება, ბლინ, მთელი ცხოვრება, იღწვი იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო, შენთვის თუ სხვებისთვის და როცა ეს მართლაც გამოგდის, ან უბრალოდ ჯერ კიდევ პროცესში ხარ… უცებ რაღაცა მეტეორიტივით გეჯახება და აღარ ხარ. და უცებ, როცა შენ აღარ ხარ, ირგვლივ ყველა პატარა ბავშვივით უმწეო ხდება.
და ამ უმწეო ბავშვების ირგვლივ სხვებიც, ვისაც მეტეორიტი მთლად თავში არ დასცემია, უმწეოები ხდებიან, იმიტო რო მათ არ შეუძლიათ აარიდონ ბავშვებს ეს უბედურება და საერთოდ აღარაფერი აღარ შეუძლიათ.

მახსოვს, როცა ჯერ კიდევ არავინ დამეკარგა ახლობელი ადამიანებიდან, ვიფიქრე, რომ ვიდრე ეს მოხდებოდა, ჯობდა მე მოვმკვდარიყავი. მაშინ ჯერ კიდევ აუტანლად სენტიმენტალურ დღიურს ვწერდი და დიდხანს გამეწელა ეს თემა დღიურშიც… და ბოლოს, მახსოვს, დავასკვენი, რომ გაცილებით უფრო დიდი ეგოიზმი იყო ის, რაც მე ვიფიქრე.

ახლა? ახლა არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს. როგორც ჩანს, სხვადასხვანაირი ადამიანების დაკარგვა უნდა გადაიტანო, რომ გაიცნო საკუთარი თავი, თუ როგორი ხარ, როცა ვიღაცას კარგავ. მერე კიდე, გაიცნო სხვები როგორები არიან, როცა კიარ კარგავენ, უხდებათ ითამაშონ, რო დაკარგეს… და მერე კიდე, გაიცნო საკუთარი თავი, როცა უყურებ ამ სხვებს, მათ ხელოვნურ არაადეკვატურობას, ფსევდო-ბულემიას და, მიხვდე, რომ ამ ყველაფერზე გული გერევა. და ხვდები, რომ ეს ის ჯგუფია, რომელშიც არასოდეს გამოხატავ შენს დანაკარგს. იმიტომ რო და ხრენ სნიმი!

მერე? რა ხდება მერე. მერეს ყველაზე დიდი მახასიათებელი, ისევე, როგორც დროის, არის ინერცია, დრო არასდროს დგას, ის მიდის და მიგათრევს შენ, თუნდაც შენი მოძრაობის სიჩქარე იყოს 0 კმ/სთ. ასევე მერეში არის შენი მეხსერებაც, რომელიც გინახავს კარგს, და გახსენებს, გაცინებს და გამშვიდებს. მაგრამ ამავე დროს არ გაცლის არ გახსოვდეს შენი უზარმაზარი დანაკარგი და შენ ზიხარ და ოცნებობ, რომ, ჯანდაბა! რა ეგოისტურია შენი ოცნება! შენ ზიხარ და ოცნებობ, რომ იმ პოზიტიურმა ენერგიამ, რომელიც სამყაროს მართავს, მოგცეს მასთან გასატარებელი ერთი დღე (და აქ ყველაზე ეგოისტურია შემდეგი), რომ ის ადგეს და აგიხსნას, როგორ მოიქცე, როგორ გადაიტანო მისი სიკვდილი.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ უნდა დავწერო, დავწერო და მოგიყვეთ, როგორ გადაიტანოთ უჩემობა. პირველ რიგში, მეც მიყვარხართ და არ არი აუცილებელი, რომ ყველას ეს სიტყვიერად გეთქვათ. ისედაც ვიცი, ვიზეც არ ვიცი, ე.ი. რო მოვკვდი მერე შეგიყვარდით და ე.ი. არც უნდა მცოდნოდა. მეორე, და მთავარი ის არი, რომ ნებისმიერი, მართლა ნებისმიერი ადამიანის სიკვდილს ვეჩვევით. ან უბრალოდ არ გვჯერა და ეგაა. მხოლოდ მაშინ გვტკივა, როცა გვახსენდება, რომ რაც არ უნდა გავგიჟდეთ, მაინც ვერ ვნახავთ. ასე რომ, ნურავინ გაგიჟდებით, გადაირევით და მიხედეთ თქვენს ბავშვებს, საქმეს ამით მაინც არაფერი არ ეშველება. ჰმ, მესამე, რა არის მესამე? ხო, მესამე იმ ხალხისთვის, ვისაც სინდისი ქენჯნის ჩემთან მიმართებაში. მომხედეთ აქეთ, ყველაზე მეტი ცხოვრებაში იმ ადამიანებისგან ვისწავლე, ვინც ყველაზე მეტად მატკინა გული, ტაკ შტო, დიდი მადლობა საინტერესო გაკვეთილისთვის თუ ლექციისთვის. მეოთხე, მეოთხე ყველაზე კარგი პუნქტია – მადლობა თითოეულს ერთი უმაგრესი წუთისთვისაც კი ჩემს ცხოვრებაში. და მეხუთე. ჰო, გიჟი ვარ ამას რო წინასწარ ვწერ, მარა მოვა დრო და გადაიკითხავთ ამ ყველაფერს და მოგეშვებათ. გენაცვალეთ მე თქვენ.

ზეგ გიოს ორმოცია და დარდი ცოტა გარეთ როარ გამომეტანა არ შემეძლო.

“და შენ გარბოდი,
გზას მიიკვლევდი მკვდრებში,
თავზე გენგრეოდა სამყარო,
მე კი გაგაღვიძე.”
(c) ზვიად რატიანი

ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ. რაც უფრო ცუდად ვარ, მით უფრო ბევრს. ხოდა ამ ორიოდე წუთის წინ საწოლზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი, როცა პოლიციის სირენის ხმა მომესმა. რა ჰქვია ამას ქართულად? ნუ რაც ჰქვია. მოკლედ, მესმის ეს იაო-უაო და ფიქრების ნაკადიც დგლაფან და დაიძრა. დავფიქრდი რა იშვიათად მესმის ხოლმე ეს ხმა, მერე დავფიქრდი, რომ ვის შეიძლება ეს ხმა ესმოდეს ხშირად? ნუ ვინც სახლშია იმას არა, იმიტო რო ეს ხმა ძირითადად მოძრაობის დროს აქვს ჩართული მანქანას. ანუ ვის შეიძლება ესმოდეს? ვინც ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც მუდმივად რაღაც დანაშაული ხდება, ან ვინც მანქანით დასდევს პოლიციის მანქანას, ან ვინც შემთხვევითად ხშირად აღმოჩნდება ხოლმე დანაშაულის ადგილას. და აი ამ ბოლო წინადადებამ დამაფიქრა. ვთქვათ მე ასე შემთხვევითად ვხვდები დანაშაულის ადგილას ძალიან ხშირად. პოლიციელები მხედავენ მე თითქმის ყველგან, სადაც დანაშაული ხდება. დამნაშავეს ვერ პოულობენ და ერთადერთი მაკავშირებელი ძაფი ამ დანაშაულებებს შორის მე ვარ.. ნუ რა თქმა უნდა ეჭვმიტანილი ვარ და ნუ რა თქმა უნდა, გამოძიება ამის შემდეგ ჩემ გარშემო მიმდინარეობს.

ახლა ეს სიტუაცია ავიღოთ როგორც მეტაფორა, ავიღოთ რა, მე უკვე ავიღე, უბრალოდ ამას თქვენ გიყვებით. ჩემი ცხოვრება ერთი რიგითი დოყლაპიას ცხოვრებას ჰგავს, წყალწაღებული პირადი ცხოვრება, სტრესული სამსახური, არასასურველი პროფესია, წერა-კითხვისთვის არდარჩენილი დრო და ნერვები… და ეს უკვე 21 წლის ასაკში. რა ჰქვია ჩემნაირ ადამიანს? ლუზერი.

მე ძალიან ხშირად ამ ყველაფერში ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ არ ვრისკავ, არ მოვდივარ, იმას არ ვაკეთებ რაც მინდა… ან საერთოდ არ ვცდილობ გავიგო რა მინდა. არ ვახტები თავზე ადამიანებს, არ ვგიჟდები.. არადა ეს ყველაფერი როგორ უხვად დევს ჩემში და კაცმა არ იცის რა არი რეალური მუხრუჭი, რის გამოც ამ ყველაფერმა ჯებირები არ გადმოანგრია და ყველა არ წაგლეკათ.

დავუბრუნდეთ მეტაფორას.
გვაქვს დანაშაული, მთელი რიგი დანაშაულებები, მოკლედ, ფაქტობრივად ჩემი თავის სერიული მკვლელობები.
არ გვყავს დამნაშავე.
მაგრამ დანაშაულის ადგილებზე იცვლებიან ადამიანები და მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება უცვლელი. ვითომ შემთხვევითია?
ან იქნებ ეს იმაზე მიუთითებს, რომ დამნაშავე მე ვარ?

სინამდვილეში ისტორია დასრულებულია, ყოველ შემთხვევაში, ავტორი მის სხვანაირად დასრულებას არ აპირებს, მაგრამ ვინაიდან მკითხველს დაუსრულებლობის განცდა შეიძლება გაუჩნდეს, ავტორმა შესაფერისი სათაური შეურჩია, რა თქმა უნდა, ეს მან ისევ მკითხველზე იზრუნა და ამიტომ (ავტ. შენიშვნა)

ერთ ჩვეულებრივზე მეტად მწვანე ტყეში დაიბადა პატარა ჟირაფი, რომელსაც თენგო დაარქვეს. მას ჟირაფისთვის არადამახასიათებელი მოკლე კისერი და მოკლე ფეხები ჰქონდა, თუმცა მისი მშობლებისთვის ამას ხელი არ შეუშლია, რომ თენგოზე მზე და მთვარე ამოსვლოდათ. თენგოს ნათლიამ მშობლებს ურჩია კისრის დამაგრძელებელი ტაილანდური რგოლების გაკეთება, თუმცა მშობლებმა რჩევა არ გაითვალისწინეს და მეტიც, დარცხვენით აღიარეს, რომ პატარა თენგო, თავისი მოკლე კისრით და ალოკილი ქოჩრით გაცილებით ლამაზი იყო, ვიდრე სხვა ჟირაფები. პატარა თენგო თავიდანვე პოპულარული იყო ტყეში, მის დანახვაზე ჟირაფები კისრებს ატრიალებდნენ და ჩურჩულით იძმუძნებოდნენ უზარმაზარ ფოთლებს.

ბევრმა ახლა უკვე იცის, რომ სხეულის აგებულება ხანდახან გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს, თუმცა საკვებში გემოვნებასთან მიმართებაში ეს ჰიპოთეზა ყოველთვის როდი მართლდება-ხოლმე. თენგოს შემთხვევაში ყველაფერი ასე მოხდა, თენგო, სხვა ჟირაფებისგან განსხვავებით, ბუჩქის წვრილ ფოთლებს მიირთმევდა და ზედ ყვავილებსაც აყოლებდა.

Continue Reading »

საფერფლე. ყავა
მალბორო. მონო
ვიწერ. მივდივარ.
ვყიდულობ. ვცხოვრობ

პური. კარაქი.
ნაყინი. ყავა
მოდიხარ. გიცდი
მიდიხარ. ვდგავარ.

(ც) სალომე მხეიძე,
ძველი ლექსი. რამდენიმე წლის წინანდელი ანუ.

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.