(ნაწყვეტები მოთხრობიდან)
წერილი #9
შეშინებული ვარ. აქ სანგრებში რაღაცები წუიან, მე ვამბობ რო კოღოა, ბიჭები კი ამბობენ, რომ კოღოები ამ გვალვაში არ არიან, და რომ ჩვენგან ჩრდილო-დასავლეთით რო ლელიანია იქ არი ყველა კოღო. მე კიდევ ვამბობ, რომ რაღაც მაინც უნდა წუოდეს მაშინ, როცა წუილი გესმის. ბიჭები მეუბნებიან, რო სანგრიდან რომ ავიდე და გავიარ-გამოვიარო არაფერი მომივა, ანუ გამოდის, რომ ტყვიების წუილიც გამოირიცხა. მე მაინც ვამბობ, რომ რაღაცები გამუდმებით წუიან და ღამე მოსვენებას არ მაძლევენ. ისინი კიდევ ამბობენ, რომ მე გიჟი ვარ და დროდადრო ფარაჯის სახელოებს უკან მიკრავენ და სიყვარულით სახეს ტალახით მითხუპნიან. მე კიდე ვეუბნები, რო ჯობს ხუმრობას მორჩნენ და ისევ სანგარში ჩამსვან და დამიბრუნონ ჩემი ჩექმები, რომლებიც ვასაკებით ამოავსეს. აქ ბევრი ვასაკაა. ხო გახსოვს, ყოველთვის მიყვარდა ბაყაყები. ჩემს კასრში ათასობით წვრილი თავკომბალა მყავდა და მხოლოდ მაშინ ვკარგავდი, როცა თავსხმა წვიმა იყო და კასრი პირამდე ივსებოდა.
შენ მთხოვე, რომ შენთვის სამკუთხა წერილები მომეწერა, მაგრამ დაგავიწყდა, რო მე ყოველთვის ცუდად ვერკვეოდი ფიგურებში. ვერაფრით გავიხსენე როგორია სამკუთხედი. აქ ბიჭებს ვკითხე და ჩემს თავზე მიმითითეს. მე კიდევ სარკე არ მაქვს, რომ ვნახო როგორი თავი მაქვს, წყალი კი იმდენად მტვრიანია, რომ ჩახედვისას საკუთარი თავი არ ჩანს. ალბათ ვერც ამ წყალში მსხდომები გვხედავენ ჩვენ, ვინც ზემოდან დავყურებთ. გვალვა ვახსენე, მაგრამ გვალვის ნიშნებს მე ვერ ვხედავ. ძალიან ბევრი გუბურა გვხვდება სიარულისას, რატომღაც სულ მძინარე ადამიანების გვერდით. ამ წყალზე სულ ჩვენი თამაში მახსენდება, პლასტელინებით, რო გადავზილავდით წითელს, ყვითელს და ლურჯს, აგურისფერს და ყველაფერს და ყავისფერს რო ვღებულობდით, ოღონდ სანამ ბევრჯერ მოვზელდით ადგილ-ადგილ წითელი და სხვა ფერები რო ჩანდა. ბიჭები ამ გუბურებიდან წყლის დალევას მიშლიან. მეუბნებიან რომ ისეთ ბოროტ ადამიანად გადავიქცევი, რომელიც მეორე ადამიანს ეჩხუბება. სულელები არიან, ეგ რომც არ ეთქვათ მე ისედაც არ ვსვამ ჭუჭყიან წყალს, თან ყავისფერს.

აქ სულ კარგი ამინდებია. მაგრამ ბიჭებს არ მოსწონთ, ამბობენ, ამ ამინდების ბრალია რო ამდენი ხანი ბაყაყებს ვჭამთო. მე ვეუბნები რომ ნუ ამბობენ ასეთ რამეებს, და ქათმებს ბაყაყებს ნუ ეძახიან. ჩვენ კარგად ვიკვებებით. ქათმები ჩვენთვის თენგოს მოაქვს. თენგო ხო გახსოვს? მოკლე კისერი რომ აქვს. ჰოდა მაგას მოაქვს ხოლმე. და თვითონვე ატყავებს ისე, რომ ბუმბულსაც ვერ ნახავ. არ ვიცი რატომ, მაგრამ აქაურ ქათმებს ძალიან პატარა ფეხები აქვთ და თან ცოტა სხვა გემო აქვთ. წყალი გაგვითავდა და გუშინ ამიტო ცოტა გავნერვიულდი. ძალიან ბევრს ვყვიროდი და მერე უცებ გავითიშე. ალბათ დაღლილობისგან. ახლა თავი მტკივა და ამობურცული მაქვს თავზე. ალბათ წითელიც. იმიტო რო თმა იმხელაზე ამომივიდა აღარაფერი ჩანს. აქ აღარ გვაიძულებენ თავის გადაპარსვას. თავიდან ამათ რო მიპოვეს უფროსმა ეგრევე, მერე რა რომ გოგოაო, თავი გადაპარსეთო, რო მკბენარებმა მაგის თმა ბუდედ არ გაიხადონო და სულაც, ისინი რო არ მიხვდნენო რო გოგოაო. საერთოდაც, ბევრნი აღარ ვართ. სულ თორმეტნი დავრჩით. თორმეტს იმიტო ვამბობ რო თენგომ თქვა, თორემ მე ისევ ცხრამდე ვიცი თვლა.
ჩემი ამბები მოგიყევი. ახლა შენზე მინდა გელაპარაკო. ბოლო დროს არ მომწონს როგორ წერილებსაც მწერ და მინდა რომ არ იდარდო. როცა დრო გავა ყველაფერი დაგავიწყდება. აი მე ხო დამავიწყდა ბაღში მე რომ მომწონდა იმ ბიჭმა თავზე პლასტელინი რო დამაწება და მერე რო ბაღიდან გააგდეს. ესე დაგავიწყდება შენც. პლასტელინი ბევრს არაფერს ნიშნავს, აი თავზე რო სუპი დაეწებებინა მაშინ მეც გამიხარდებოდა რომ გააგდებდნენ. ხო იცი როგორ არ მიყვარს სუპი. აი პლასტელინი კი არაფერია. შენც თუ დაგაწებეს. არაუშავს. მოკლედ, არ მინდა ამაზე ინერვიულო და საერთოდ არაფერზე არ მინდა ინერვიულო. აქედან რო ჩამოვალ რაღაცებს ჩამოგიტან. აქ ერთი ხეა, რომელიც რაღაც უცნაურ რამეებს ისხამს. ბიჭებს არ ჯერათ, მაგრამ ღამღამობით ეს ხე ყველაზე მაღალია და იქ, სადაც მისი თეთრი ყვავილები არ იშლება, ულამაზეს რაღაცებს ისხამს. ამ რაღაცებს გიგროვებ და ჩამოგიტან. ისე, უცნაურია არა? ეს ხე მთვარის შუქზე შლის ყვავილებს და სულ თეთრდება. მთვარე ჩვენთან სულ არი. მიუხედავად იმისა, რო გადასახადებს არ ვიხდით. არადა ბებია სულ მეუბნებოდა. რომ რაც ანთია ყველაფერი ჩემი გადასახდელიაო და დადიოდა და აქრობდა და დადიოდა და დადიოდა. ხო იცი როგორ არ მიყვარდა მაგის სიარული. ასე მეგონა ჩემს სხეულზე დადიოდა. აქ კიდე მთვარეა და მე მგონი ეს ხე უხდის გადასახადებს.
ახლა უნდა წავიდე. ბიჭები მეუბნებიან რო დასაზვერად მიდიან და მე სანგარში დავრჩე, ხოლო თუ ვინმე მოვიდა, დავიმალო და არ გამოვიდე. ბიჭებმა არ იციან სტუმართმოყვარეობა, მაგრამ ჭკვიანები არიან და ამიტომ ვუჯერებ. მიყვარხარ და რომ ჩამოვალ უამრავ რამეს ჩამოგიტან. მაპატიე. რომ სამკუთხედი არ მახსოვს როგორია, თუ დამიხატავ, ეგეთ წერილსაც გამოგიგზავნი.
წერილი #13
ღამღამობით, როცა ბიჭები დაღლილები სხედან და ჩექმებს სველი მიწისგან წმენდენ, მე ცას ვუყურებ და მინდა ველაპარაკო. მარა სიბნელეში მგონია ჩემი ხმა ქვეყანას ესმის, იმიტო რო პატარა ჭრიჭინების ხმა ისეთი ხმამაღალია და ჩემი ბოხი ხმა როგორი იქნება… ამიტომ ბიჭებსაც კი ჩურჩულით ველაპარაკები. ისინი უკვე ვეღარ მიძლებენ, მე ხომ ვიცი, სულ თავიდან, როცა მიპოვეს და მათ ასეულში მიმიღეს, წყალი გვქონდა და რაღაცებს მაინც მარეცხინებდნენ. ახლა ცოტა დრო დაგვრჩაო ამბობენ, იმიტომ რომ წყალი დროაო და წყალი გადისო. ამაზე სულ ის მახსენდება, მე და ჩემი მეგობარი ფრანგულ გადაცემას რომ ვუყურებდით და იქ მე სულ რო თვალებს ვხუჭავდი და მერე ის რომ მიყვებოდა ხოლმე, როგორ დაძვრებოდნენ ადამიანები გველებსა და ობობებში. მე მიყვარდა მისი მონათხრობის მოსმენა და ამიტომ ვუსმენდი ყველაფერს, რასაც მიყვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მერე მთელი ღამე არ მეძინა. იმ გადაცემაში იყო ქვიშის წყლის საათი, ქვიშის მაგივრად წყალი ესხა და რომ ამოატრიალებდნენ ზემოთ რაც ესხა ქვემოთ ნელა ჩამოდიოდა. მაგრამ მანდ წყალი არ თავდებოდა, დაუსრულებლად შეეძლოთ ეტრიალებინათ. აქ კი თავდება, იმიტომ რომ ჩვენ თავებზეც რომ დავდგეთ მაინც არ გამოვა ის წყალი გარეთ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ იმ გადაცემაში წყალი არ იყო, იმიტომ რომ რაღაც ლურჯი იყო, ცოტა იყო, მაგრამ ბევრიწყლისფერი იყო, და ცოტა წყალს ბევრიწყლისფერი არ აქვს ხოლმე, ასე ამიხსნა მამამ ადრეადრე.
ახლა დღეა და ვარსკვლავები სადღაც გაქრნენ. ბიჭები ამბობენ, შუქში შუქი არა ჩანსო და იმიტო გაქრნენო და მე არ მჯერა, მზე ხო შუქია და დღისით ხო ჩანს, მოკლედ, არ ვიცი, მაგრამ ღამით სულ მინდა რომ ვარსკვლავებს ველაპარაკო, იმიტომ რომ ბიჭები რომ ლაპარაკობენ მერე იღლებიან და ძნელად სუნთქავენ. ბოლო დროს მთელი დღეები სანგარში სხედან და არსად მიდიან. რადიო გააკეთეს და ბრძანებას ელოდებიან, იმიტო რო ღამღამობით რაღაც დიდი ნათებები ჩნდება ცაზე და გრუხუნი ისმის, ხანდახან მთელი ღამე და ბიჭები მეუბნებიან რომ აქედან ფეხი არ გავადგა. რაღანაირად უნდა გავადგა, როცა ერთი ფეხი გუშინ მოვიტეხე, სულ ვარსკვლავების გამო, ღამე ფისის საქნელად გავედი და რო ვბრუნდებოდი მივაშტერდი, ამისრიალდა ფეხი და ბეჭებზე დავეცი. დილით ბიჭებმა მიპოვეს. ამბობენ ბევრი არაფერი გჭირსო. მე ვერაფერს ვგრძნობ, მაგრამ ბიჭები ამბობენ, ფეხი გაქვს მოტეხილი და იმიტო ვერ გრძნობო და რადგან მოტეხილი გაქვს არსად არ უნდა წახვიდეო. დღეს მეორე ფეხს ვაკვირდებოდი და მგონი ისიც მოტეხილი მაქვს, მაგრამ ბიჭებისთვის არ მითქვამს, იმიტო რო ინერვიულებდნენ, თან ვერც ამას ვგრძნობ და ის ერთი რო მომირჩება, ესეც მომირჩება და ბიჭები ვერ შეამჩნევენ.
გუშინ თენგო ტიროდა. ამაზე უფრო მინდოდა ლაპარაკი, ვიდრე ფეხზე, მაგრამ ღამით ლაპარაკი ხმამაღლა ისმის და არ მინდოდა თენგოს გაეგო. ძალიან მიყვარს თენგო და მინდა რომ არ ტიროდეს და ბიჭები კიდე ამბობენ, რომ თუ ვარსკვლავებს ვუყურებ და რომელიმეს მოწყვეტილს დავინახავ, სურვილი უნდა ჩავიფიქრო და ამიხდება, რადგან ამდენი შეუძლიათ, მგონი ისიც შეუძლიათ, რომ თენგო არ ტიროდეს. იმიტო რო ბიჭი რო ტირის, სულ ის ცუდი დრო მახსენდება მძინარე ადამიანებს რომ ვხედავდით და ყველა რო ტიროდა ჩემ გარდა და თან რო არ მეუბნებოდნენ რატო ტიროდნენ და თვალებზე ხელებს რო მაფარებდნენ.
ახლა უნდა წავიდე, წავიდე კიარა, შევწყვიტო წერა, ბნელდება და ბიჭები მეუბნებიან თვალებს გაუფრთხილდიო, შენ ჩვენზე უკეთ ხედავ შორსო.
ვარსკვლავებს ვთხოვე, რომ თენგოზე რაც ვუთხარი არ დაავიწყდეთ, და წყალი გვინდა კიდე, მე მაქვს, ბიჭები მაძლევენ, მარა იმათ ცოტა რჩებათ ალბათ.
აბა კარგად.








საუზმე ტიფანისთან თუ წაგიკითხავს, დღეს ვკითხულობდი ზუსტად და რატომღაც ის მომაგონდა, მასავით გულუბრყვილოდ წერ.
მიყვარს ეს ბლოგი…
salome dzalian magari xar da vamayob sheni dzalian miyvarxar …warmatebebiiii:*
dzalian nichieri axalgazrda adamiani xar gapaseb ….bavshobashic aseti chkviani iyoo