#1
გამარჯობა,
ბიჭებმა რო გაიგეს წერა ვიცი, სასწრაფოდ ფურცლები მომიქუჩეს სანგარში ერთი ადგილი მომიწყვეს და მითხრეს, რომ გავსუსულიყავი და მეწერა. არ მიყვარს რო მაჩუმებენ, მარა წერა ყოველთვის მიყვარდა, დედას სუ უკვირდა, ასე განვითარებული ბავშვი ასე წერას როგორ ახერხებსო, მამა უსწორებდა, განვითარებული კიარა, განუვითარებელიო და თვალს მიკრავდა, მე მიყვარდა მამას რო თვალები უციმციმებდა და ამიტო ყურადღებას არ ვაქცევდი რას ამბობდა. მოკლედ, გადავწყვიტე მომეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიმტკიცებს რო არ არსებობ, მაინც ზუსტად ვიცი, რომ შენ ყოველთვის ყველაზე უკეთ მიგებ. ჩემები კიდე სუ ამბობდნენ, რა უნდა თქვა ისეთი, რაც ჩვენ ვერ უნდა გავიგოთო.
გუშინ ტილები აღმომაჩნდა და სასწრაფოდ გადამპარსა უფროსმა. გადაგვედებაო და ამდენი ადამიანი შენ გამო ხოარ დავზარალდებითო. არც დავთანხმებივარ, რაზე უნდა დავთანხმებოდი, ხმა რო ამოვიღე უკვე მკრეჭდნენ. არ მცივა და ესე უფრო კაია, თავზე ხელს რო ვისვამ მომწონს და მერე ვისვამ და ვისვამ. ბიჭებსაც მოსწონთ, სულ თავზე მისვამენ ხელს. დაბანის მერე მალე მიშრება და აღარ მცივა ხოლმე.
ამ სანგარში არ მახსოვს როგორ მოვხვდი. გუშინ გამეღვიძა და ეგრევე მითხრეს, სადღაც გიპოვეთ, თავი გქონდა გატეხილიო. ახლაც კოპი მაქვს და იმ ადგილას თმაც რაღაცნაირად მაქვს. არვიცი როგორ, აი, უცნაურად. წასვლა რო დავაპირე, ბიჭებმა მიყვირეს, ახლა შენ გამო ჩვენ საფრთხეში თავს არ ჩავიგდებთო და ჯობს აქ იჯდეო. რო ვიჯექი მომეწყინა და ლაპარაკი დავიწყე, რაზეც გაღიზიანდნენ და მეჩხუბნენ. მე გავიბუტე და წუხელის ხმა არ ამომიღია. მარა დილით დამავიწყდა და ისევ ავლაპარაკდი.
ზუსტად მაგიტო ახლა ფურცლები რო მიდევს და შენ რო გწერ. ბიჭებმა მითხრეს შენ წერეო და ჩვენ გავუგზავნითო, იცინოდნენ . კარგები არიან.
ახლა წავედი, რაღაცები გაგვირეცხეო, მთხოვეს და მივხედავ.
აბა დროებით.

#2
პირველი წერილი მოსაწყენი გამომივიდა, თან დამეკუჭა და ზედ რაღაცები გადამესხა და ბოდიში რა, რო მოგივა არ გაბრაზდე, დედა სუ ბრაზდებოდა, რა ხარ ასეთი ფეთხუმიო, მეუბნებოდა, მარა რაჩემი ბრალი იყო ის რო სუ ყავას სვამდა წიგნებთან, თან ბოლომდეც არ სვამდა ხოლმე, ავიწყდებოდა და მეკიდე რო მივრბოდი რაღაცის მოსაყოლად, მაგიდას ვეტაკებოდი ხოლმე. ბევრი წიგნი გვქონდა შიგნიდანაც ყავისფერი ჩემ გამო.
ეხა არ ვიცი რაზე მოგწერო, ისე დავჯექი, უფრო სწორად დამსვეს, ბიჭებმა სულ ძალით მომიყვანეს ჩემს კუთხეში და წერეო, მიყვირეს. ერთი ბიჭი არი აქ ძალიან კარგი, სხვები უხეშები არიან, მარა მემგონი ეშინიათ და იმიტო, მეცრომეშინოდა სიბნელის, ერთხელ დედას ვუყვირე. ამ ბიჭს თენგო ჰქვია, წაბლისფერი თმა აქვს, ახალი ამოსული აქვს და იჩხვლიტება ცოტას. ისმიყვება ხოლმე რაღაცებს აქაურობაზე. და მაფრთხილებს ხოლმე იქით არ წახვიდე, აქეთ არ წახვიდეო. ერთხელ მითხრა, ხოარ გწყინს რაღაცებს რო გარეცხინებთო, გამიკვირდა, ასეც ვუთხარი, პირიქით, მიხარიამეთქი. დედა არასოდეს მარეცხინებდა, დახევო და გააფუჭებო, საჭმელსაც არ მაკეთებინებდა, დაამტვრევ ჭურჭელსო. რა იცოდა ასე წინასწარ, ხოარ მიცდია და რავიცი. მარა რაღაცებს კი ამბობდა ხოლმე და ისე არასოდეს დავკვირვებივარ მერე მოხდებოდა თუარა, მარა ეტყობა ხდებოდა, იმიტო რო ხშირად ამბობდა ხოლმე, აი ხო ვამბობდიო. მე და მამას არ გვახსოვდახოლმე ამბობდა ხოლმე თუარა და თავს ვუქნევდით. დედა კიდე ამბობდა, მამას უყვარს რო თავს უქნევენო და დაუქნიე ხოლმე, თურამეს იტყვისო.
აუ, ძალით რო მომიყვანეს, ერთმა ხელი ისე მომკიდა, მემგონი დამილურჯდება, თუ უკვე არ დამილურჯდა. მოიცა ვნახო. ვნახე. დაწითლებული მაქვს ჯერ და ხელს რო ვიდებ მტკივა და მარა არ ვწუწუნებ, გუშინ მუხლი გადავიტყავე და ბიჭები გაბრაზდნენ, რა გატირებსო აბა იმან რაღა თქვასო და ერთ ბიჭზე მიმითითეს, მარა თვალები სანამ იქით მივატრიალე, წინ თენგო ამეტუზა და დამეჭყანა და მაცინა ბევრი. მერე დამავიწყდა ის ბიჭი. ახლა ფეხი მაქვს შეხვეული, ხელი სადაცაა დამილურჯდება და კიდე არ უნდა ვიწუწუნო, ვითომ უარესი ჭირდა იმ ბიჭს?
დღეს კიდე მეჩხუბნენ, სანგრიდან რატო ამოდიხარო. ფისი მინდოდა და აქ ხოარ ვიზამდი. მოკლეს სუ მეჩხუბებიან, მარა როგორც გითხარი მე მგონი ეშინიათ და იმიტო.
ახლა კიდე გავიქეცი, ბიჭები ამბობენ, შუქი ჩააქრეო და
არ გეწყინოს ასე მალე რო მივდივარ.
მერე კიდე მოგწერ.








<3