რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ტკივილის გადატანა მიწევს. თან გადატანა ისე კიარა, რო მოიკიდო, მუხლებში გაიმართო და სიარულით ესე… არა, ფორთხვით, ჯერ ოთხზე, მერე მუცელზე… იმდენად, იმდენად რთულია, რომ ვარდები უკან, ტირი, ქვითინებ ბავშვივით, თითქოს მოვა ვინმე და ამ ქვითინის მიზეზს მოაშთობს აღმოფხვრის. რეალურად კი. რეალურად არაფერი გშველის, არც საუბარი, არც სიარული. არც ზღვა, მზე, მეგობრები. არც მისი ფრაზების გამეორება, არც ფოტოების თვალიერება. არაფერი. რამ უნდა უშველოს ტკივილს, რომელიც ყველაზე ძნელი გადასატანია და რომლის მიზეზიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ახლა ვხვდები რატომ არის ზღაპრებში მუდმივი თემატიკა უკვდავება, უკვდავების წყარო, უკვდავების ვაშლი, უკვდავების სნიკერსი, ჩადოსნური ჩიზბურგერი და ათასი რამ… არაფერი არ არის სიკვდილზე დიდი ტრაგედია. ჩემნაირები კი მას ვერანაირად ვერ ებრძვიან. დგანან, ტირიან, თვალებს იოსებენ, ემალებიან ადამიანებს, რომლებიც ხედავენ ამ ცრემლებს, ან ბოლოს აღარც ემალებიან.
ერთი ჩემნაირი, ანუ თვითონ მე წერით ებრძვის. ებრძვის რა. რაცაა.
რეალური ისტორია კი ასეთია. იანვრის ბოლოს მუშაობა დავიწყე, ოფიციალურად, გიორგისთან უშუალო შეხება მქონდა, პარალელურად შერჩევას ვაკეთებდი… მოდი გადავახტები იმ დროს, როცა გიორგი ძალიან მაღიზიანებდა, გადავახტები იმიტომ, რომ მრცხვენია… რა სიამოვნებით მოვისმენდი იგივე ფრაზებს ახლა, რომელიც მაშინ მაღიზიანებდა, მაცოფებდა, რავიცი.
ბოლო რამდენიმე თვეა მე და ჩემს მეგობარს ეგ გვაძლებინებდა სამსახურში. ველიკალეპნაია ტროიკა ვიყავით. თვალსა და ხელს შუა ვბეჭდავდით და ვამტკიცებდით ბრძანებებს, დებულებებს, სამუშაო აღწერილობებს, მივავლენდით და შვებულებაში ვუშვებდით თანამშრომლებს, პრემიებს ვრიცხავდით ელვის უსწრაფესად. ნუ მთლად ელვის არა.
ჩვენი საფირმო ტერმინი იყო – “არ გააკეთებდი და სულ სხვა ლაპარაკი იქნებოდა ჩვენ შორის”
.
მაგალითისთვის.
_ გიორგი, თქვენი მეილი მივიღე
_ არ მიიღებდი და სულ სხვა ლაპარაკი იქნებოდა ჩვან შორის.
ან:
_ სალ, აი ეს ბრძანებები დავბეჭდე და ვიზებია ასაკრეფი.
_ არ დაბეჭდავდით და სულ სხვა ლაპარაკი იქნებოდა ჩვენ შორის )).
ანდა:
_ წავედი მე, ნახვამდის გიორგი, ხვალამდე.
_ არ წახვალ და სულ სხვა ლაპარაკი იქნება ჩვენ შორის..
ხშირად ბრძანებების შესწორება გვიწევდა. გიორგი გამომიწვდიდა ბრძანებას და მეუბნებოდა:
_ აბა ახლა რაუნდა ქნა?
გამოვართმევდი, ვკუჭავდი და გიორგის სკამის უკან და მარჯვნივ რომ ნაგვისყუთი იყო, როგორც კალათში, ისე ვაგდებდი. დაძაბული სამჺშაო გრაფიკისას ბავშვივით გვიხაროდა ორივეს, რომ დაკუჭული ფურცელი ნაგვის ყუთში ვარდებოდა. ბოლო დროს სულ ვარდებოდა.
კალმებზე ჰქონდა გართულება. ამოიჩემებდა ერთ კალამს, წვრილად რომ წერდა და თუ მაგიდიდან აუროთქლდებოდა, ყველას გვაბრალებდა, თქვენ გაქვთო. მერე პოულობდა და რო იპოვიდა, მეთქი აი ხომ ხედავთ, ჩვენ არ აგვიღიათქო. აიღებდი და სულ სხვა ლაპარაკი იქნებოდა ჩვენ შორისო, მეუბნებოდა.
ყველას გიმუშავიათ და ყველამ იცით რას ნიშნავს, როცა სამსახურში ადამიანს შენი წარმატება უხარია. მითუმეტეს რას ნიშნავს, როცა ადამიანი შენი წარმატებისთვის იღწვის. და მითუმეტეს რას ნიშნავს, როცა აფასებს შენს შრომას და შესაძლებლობებს. და კიდევ უფრო მეტიც, რას ნიშნავს, როცა ადამიანი სიხარულით გიჯდება და გასწავლის რაღაცას. და როცა მიუხედავად საკუთარი დაღლილობისა, როცა ხედავს რო დაღლილი ხარ, ანგარიშს გიწევს. და ამდროს სირცხვილისგან აღარ იცი სად წახვიდე.
სადღაც ათი დღის წინ ავტყდი, გიორგისთვის კალამი მომეწონა, რაღაცნაირი უცნაურია და წესით უნდა მოეწონოს-მეთქი და ვუყიდე. კინაღამ მეჩხუბა. რაო, რატო იხარჯებიო, ბევრი ფული გაქვსო… მეთქი. გავუცინე, გიორგი, ბოდიში-მეთქი )) მერე გასინჯა, რანაირი რა არიო, ჯერ კალამმა არ დაწერა საერთოდ, მერე ხელზე ძლივს მოირგო. მერე კლავიატურაზე ფ1-ებსა და რიცხვებს შორის ჩადო, ძველი კალამი გადადო და თქვა: ახლა აღარ გაგიკვირდებათ, როცა კალმის ძებნისას ჩხუბს დავიწყებო. საშინლად მესიამოვნა.
დანარჩენს არ მოვყვები. უცრემლო ისტორია კი ასეთია.
გიორგი შვებულებაში არ გადიოდა, ყოველდღე შაბათის ჩათვლით გვიანობამდე მუშაობდა და საერთოდაც, ბოლო დროს, რიგი მიზეზების გამო, საკუთარი თავისთვის არ ცხოვრობდა. შეიძლება ამიტომაც იყო ასეთი კარგი. ერთადერთი, სადაც დადიოდა, ალპინიადა იყო და ისიც მაქსიმუმ სამდღიანი, მეტის უფლებას თავს არ აძლევდა. პარასკევს, 19 აგვისტოს, როცა მე სიცხიანი სახლში ვეგდე, გიორგი ატყდა, რომ უნდა წასულიყო. არ უთქვამს სად, არ უთქვამს რატომ, მოამთავრა საქმეები, სამივე სართულზე ყველას გააგებინა, გენერალურ დირექტორს დაეთხოვა და დაპირდა, რომ ორშაბათს დღის მეორე ნახევარში სამსახურში იქნებოდა. ჩჳენი დეპარტამენტის დირექტორი მაშინ შვებულებაში იყო. და წავიდა.
მე შაბათს მივედი სამსახურში, დარჩენილი საქმეები მოვამთავრე, შვებულებისთვის მოვემზადე და კვირას ღამე ბათუმში წავედი.
ორშაბათს დილით გავიგე, რომ ჩვენი დეპარტამენტის დირექტორი გაფრთხილებული არ იყო, რომ გიორგი წავიდა. ორშაბათს საღამოს გიორგი სამსახურში არ გამოჩენილა. რაც ჩვენ… ჯანდაბა ჰო. ჩვენ უპასუხისმგებლობაში ჩავუთვალეთ. ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
სამშაბათსაც რომ არ გამოჩნდა, ატყდა ძებნა, დარეკეს მეგობრებთან, გაიგეს რომ ალპინიადაზე ყოფილა, გაიგეს რომ კვირას ჯგუფს გამოეყო და ორშაბათს რომ სამსახურში ყოფილიყო იმის გამო მარტო წამოვიდა. თხოვეს დარჩენა, ამანაც სთხოვა ერთ ბიჭს გაყოლა, მაგრამ არც დარჩა და არც გაჰყვა ვინმე. ოთხშაბათს სამაშველო ჯგუფმა, მთელი ხეობა გადააქოთა. ხუთშაბათს სულ სხვაგან მისი ცხ.. არა. თვითონ. იპოვეს მოკლედ. გარდაცვლილი. 50 მეტრიდან ლოდებზე.. მოკლედ.
მოკლედ, არ ვიცი რატომ. უბრალოდ დავწერე. ან იქნებ იმიტომ, რომ არ დავწერდი და სულ სხვა ლაპარაკი იქნებოდა ჩვენ შორის?








ნეტა ჩემი დრო რომ დადგება,მაშინ გამოჩნდებოდეს ვინმე შენნაირი,თუნდაც შენ და დაწერდეს ასეთ რამეს ჩემზე.
გადავაქოთებ მაღლა ჭიუხებს… თან გავიყოლებ ფრთამალ არწივებს, და თუ ვერ გნახე ჭალაის ბოლოს… მთებში ნისლივით დავიკარგები
ამის დალაიქება ცოტა უხერხულია, მაგრამ… სამწუხაროა…
აჰჰჰ, სულების არსებობის რომ მჯეროდეს ბოლომდე, გეტყოდი, გაიგებს ამ ყველაფერს მეთქი, ახლა კიდევ არ ვიცი, რა ვთქვა, ძალიან დამწყდა გული, უხ