სინამდვილეში ისტორია დასრულებულია, ყოველ შემთხვევაში, ავტორი მის სხვანაირად დასრულებას არ აპირებს, მაგრამ ვინაიდან მკითხველს დაუსრულებლობის განცდა შეიძლება გაუჩნდეს, ავტორმა შესაფერისი სათაური შეურჩია, რა თქმა უნდა, ეს მან ისევ მკითხველზე იზრუნა და ამიტომ (ავტ. შენიშვნა)
ერთ ჩვეულებრივზე მეტად მწვანე ტყეში დაიბადა პატარა ჟირაფი, რომელსაც თენგო დაარქვეს. მას ჟირაფისთვის არადამახასიათებელი მოკლე კისერი და მოკლე ფეხები ჰქონდა, თუმცა მისი მშობლებისთვის ამას ხელი არ შეუშლია, რომ თენგოზე მზე და მთვარე ამოსვლოდათ. თენგოს ნათლიამ მშობლებს ურჩია კისრის დამაგრძელებელი ტაილანდური რგოლების გაკეთება, თუმცა მშობლებმა რჩევა არ გაითვალისწინეს და მეტიც, დარცხვენით აღიარეს, რომ პატარა თენგო, თავისი მოკლე კისრით და ალოკილი ქოჩრით გაცილებით ლამაზი იყო, ვიდრე სხვა ჟირაფები. პატარა თენგო თავიდანვე პოპულარული იყო ტყეში, მის დანახვაზე ჟირაფები კისრებს ატრიალებდნენ და ჩურჩულით იძმუძნებოდნენ უზარმაზარ ფოთლებს.
ბევრმა ახლა უკვე იცის, რომ სხეულის აგებულება ხანდახან გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს, თუმცა საკვებში გემოვნებასთან მიმართებაში ეს ჰიპოთეზა ყოველთვის როდი მართლდება-ხოლმე. თენგოს შემთხვევაში ყველაფერი ასე მოხდა, თენგო, სხვა ჟირაფებისგან განსხვავებით, ბუჩქის წვრილ ფოთლებს მიირთმევდა და ზედ ყვავილებსაც აყოლებდა.
ავად თუ კარგად, თენგოს ტყეში ყველა იცნობდა, ხოლო თუ არ იცნობდა, მასზე აუცილებლად სმენოდა რაიმე და გარეგნობით ადვილად სცნობდა.
ერთხელ (უფრო ზუსტად, მანამდეც ბევრჯერ, მაგრამ ამჯერად უფრო ძლიერად) თენგოს, როგორც გამორჩეულებს სჩვევიათ-ხოლმე, მოუნდა წასულიყო იქ, სადაც არავინ იცნობდა, სადაც არავინ იცოდა როგორი უნდა ყოფილიყო სინამდვილეში მისი კისერი… მიაგდო აფრიკის გვალვისგან გადაბურძუკნებული მდელოები და გაქუსლა.
თენგოს გაურკვევლობა არ უყვარდა, ამიტომ ფრაზას „ბევრი იარა თუ ცოტა იარა“, არჩია „თენგომ ბევრი იარა“. თენგომ ბევრი იარა და მიადგა მთის კალთას, სადაც დახვდა ის, რაც არასდროს ენახა – საბაგირო. თენგოს მანამდე ბევრი რამ არ ენახა, ასე რომ, ნუ გაგაკვირვებთ, მისი ყბის პროვინციული მოქცევები და ერთი-ორად გადიდებული თვალები.
საბაგირო, თენგოსდა საბედნიეროდ, მუშაობდა, ამიტომ აღჭურვილობა იქირავა, საბაგიროზე აბონემენტი აიღო და მთის კალთას ბაგირზე მოქანავე კაბინით აუყვა.
ყველა ამჩნევდა, რომ თენგო პირველად იყო მთაში. მისი აფრიკული ნამზეური და მის ტყავზე მობინადრე აფრიკული მწერი ობორჯუკი, მის ტურისტულ იერს ეგზოტიკას მატებდა.
თენგომ გადაწყვიტა ყველაზე რთული გზა აერჩია. თოვლის დაფაზე დადგა და ღრმად ჩაისუნთქა.
_კისერი არ მოიტეხო, _ მიაძახა იქაურმა თენგოს.
თენგოს ცხოვრებაში არ გასცინებია ასე გულიანად. ზუსტად იცოდა, რომ კისერს ნამდვილად არ მოიტეხდა.
და დაეშვა.








ჟირაფი თენგო :დ ობორჯუკი პირველად მესმის :დ აუაუ კაი რამეა ძალიან მომეწონა,გავმხიარულდი ^^