ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ. რაც უფრო ცუდად ვარ, მით უფრო ბევრს. ხოდა ამ ორიოდე წუთის წინ საწოლზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი, როცა პოლიციის სირენის ხმა მომესმა. რა ჰქვია ამას ქართულად? ნუ რაც ჰქვია. მოკლედ, მესმის ეს იაო-უაო და ფიქრების ნაკადიც დგლაფან და დაიძრა. დავფიქრდი რა იშვიათად მესმის ხოლმე ეს ხმა, მერე დავფიქრდი, რომ ვის შეიძლება ეს ხმა ესმოდეს ხშირად? ნუ ვინც სახლშია იმას არა, იმიტო რო ეს ხმა ძირითადად მოძრაობის დროს აქვს ჩართული მანქანას. ანუ ვის შეიძლება ესმოდეს? ვინც ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც მუდმივად რაღაც დანაშაული ხდება, ან ვინც მანქანით დასდევს პოლიციის მანქანას, ან ვინც შემთხვევითად ხშირად აღმოჩნდება ხოლმე დანაშაულის ადგილას. და აი ამ ბოლო წინადადებამ დამაფიქრა. ვთქვათ მე ასე შემთხვევითად ვხვდები დანაშაულის ადგილას ძალიან ხშირად. პოლიციელები მხედავენ მე თითქმის ყველგან, სადაც დანაშაული ხდება. დამნაშავეს ვერ პოულობენ და ერთადერთი მაკავშირებელი ძაფი ამ დანაშაულებებს შორის მე ვარ.. ნუ რა თქმა უნდა ეჭვმიტანილი ვარ და ნუ რა თქმა უნდა, გამოძიება ამის შემდეგ ჩემ გარშემო მიმდინარეობს.
ახლა ეს სიტუაცია ავიღოთ როგორც მეტაფორა, ავიღოთ რა, მე უკვე ავიღე, უბრალოდ ამას თქვენ გიყვებით. ჩემი ცხოვრება ერთი რიგითი დოყლაპიას ცხოვრებას ჰგავს, წყალწაღებული პირადი ცხოვრება, სტრესული სამსახური, არასასურველი პროფესია, წერა-კითხვისთვის არდარჩენილი დრო და ნერვები… და ეს უკვე 21 წლის ასაკში. რა ჰქვია ჩემნაირ ადამიანს? ლუზერი.
მე ძალიან ხშირად ამ ყველაფერში ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ არ ვრისკავ, არ მოვდივარ, იმას არ ვაკეთებ რაც მინდა… ან საერთოდ არ ვცდილობ გავიგო რა მინდა. არ ვახტები თავზე ადამიანებს, არ ვგიჟდები.. არადა ეს ყველაფერი როგორ უხვად დევს ჩემში და კაცმა არ იცის რა არი რეალური მუხრუჭი, რის გამოც ამ ყველაფერმა ჯებირები არ გადმოანგრია და ყველა არ წაგლეკათ.
დავუბრუნდეთ მეტაფორას.
გვაქვს დანაშაული, მთელი რიგი დანაშაულებები, მოკლედ, ფაქტობრივად ჩემი თავის სერიული მკვლელობები.
არ გვყავს დამნაშავე.
მაგრამ დანაშაულის ადგილებზე იცვლებიან ადამიანები და მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება უცვლელი. ვითომ შემთხვევითია?
ან იქნებ ეს იმაზე მიუთითებს, რომ დამნაშავე მე ვარ?








ისღა დაგრჩენია ჩაბარდე.
ყოველ შემთხვევაში ეჭვმიტანილი ნამდვილად ხარ
ძალიან საინტერესოა ამის გაცნობიერების მერე როგორ შეიცვლება შენი ქმედებები