Feeds:
პოსტები
კომენტარები

(ლიტ.კონკურსის “შემოდგომის ლეგენდა” მეორე ტურში დაწერილი მმმ.. მოთხრობა არა და, უფრო ჩანახატი. თემა გახლდათ პაემანი. რაც არის, ეს არის :) გთხოვთ, დატოვოთ კომენტარები. მეორე ტურის შედეგები იქნება დაახლოებით 10 დღეში)

რადიო: ,,…ახლა კი მოუსმინეტ ნაწყვეტს რადიო სპექტაკლიდან ,,პაემანი ვერაზე”. (ისმის ხმა, რომელსაც ახლავს სომხური აქცენტი) ,,აბა ბიჩებმა დაუკარით ერთსულოვანი ტაშიი, გოგონებმა ორსულოვანი ტაშიი…”
რადიოს ვრთავ. კვირა. პირველის ოცი წუთი. ვიცმევ ჩვეულებრივ, ,,აჯაჯულად”, როგორც დედაჩემი ამბობს და აბაზანაში შევდივარ. სარკე დაორთქლილია, ვრთავ ,,სავენტილაციო საბერველას” (ასე შევარქვი, უკეთესი ვერ მოვიფიქრე) და პირსახოცით ვწმენდ სარკეს. ჩვეულებრივზე უკეთესად მაქვს თმა, ასე რომ, მომენტალურად კარგ ხასიათზე ვდგები და კბილის ჯაგრისს ვიღებ. ჯაგრისი საკუთარ თავს არ ჰგავს. მე ღრძილებს ვიტყავებ და ვიღრიჭები – უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ მგონი არაუშავს.
ჩაიდანს ვდგამ და კომპიუტერს ვრთავ. იაჰუ. ნახევარი offline message-ც არ მხვდება. ვრთავ. ფორუმი. ორი PM. ორივე მსგავსი შინაარსის – ,,შეტყობინება გამოგეგზავნათ მომხმარებლისგან ჭღრ…” და შემდგომ, ,,ოე, მოდერ, მიხედე ამათ”; ,,დაბან ამათ თუ გავიდე ფორუმის კედლებზე?” მივყვები ბმულს – ,,მოხდა შეცდომა, ბმული მკვდარია ან…” და ა.შ. ხსოვნა იყოს, ვფიქრობ და სამზარეულოში გავდივარ. ნახევარი დამშრალა. ამდენ ხანს უსტვენდა? მიკვირს და ყავას ვიკეთებ. ორი კოვზი შაქარი, ერთი – ყავა. ვაღებ მაცივარს. რაღაცები არის, მაგრამ სულ ერთმანეთზე დასაწყობი ან წასასმელი, ან მოსახარში და შესაწვავი. ვხურავ. რამდენი მოძრაობაა საჭირო იმისთვის, რომ დათვი მაცივარში შესვა? ვუყურებ მაცივარს. минск – აწერია. ოთხი: წახვიდე დიდმაცივრიან მეგობართან (1); გამოაღო მაცივარი (2); შესვა დათვი (3) და დახურო მაცივარი.
ვბრუნდები კომპიუტერთან. ასეთი გამობენტერებული კარგა ხანია არ ვყოფილვარ. message. ,,ელე, სად ხარ?” სად ვარ. “კომპიუტერთან”. ცოტა ხნის მერე. ,,სახლში?” ,,ჰო, ახლა გამეღვიძა”. უცებ ვხვდები, რომ ანდროა და არა სანდრო, ჩემი ძმა, და ვფხიზლდები. ,,გამოხვალ? სამონტაჟოში ვარ”. არ მეხამუშება, მიუხედავად იმისა, რომ სულ ოთხჯერ მყავს ნანახი და კიდევ, თუ ამას რამე მნიშვნელობა აქვს, ზაფხულში, აგვისტოში აქტიური მიმოწერა გვქონდა. ,,ალბათ,”_ მივწერე იმიტომ, რომ არ ვიცოდი რამდენად მოახერხებდა ჩემნაირი ბოთე ერთ ან ნახევარ საათში ისე გამოწყობას, რომ მერე, მე, გარეგნობასთან შედარებით ზომაზე მეტად კომპლექსიანი, დავმგვანებოდი გოგოს, რომელსაც ქუჩაში თვალს გააყოლებდნენ.
თმა თანაბრად გავისწორე. ფეხები გავიპარსე. კბილები მეორედ გამოვიხეხე. ჩავიცვი მწვანე ,,შოტლანკა”, შავი მაისური, პიჯაკი და მომწვანო ,,ბალეტკები”. სახეზე ოდნავ ტონალური გადავისვი, ჩანთაში გასაღები და სათვალის ჩასადები ჩავაგდე და სარკესთან გავჩერდი. რამდენიმე მიმიკა მოვსინჯე და კმაყოფილმა სადარბაზოში გასასვლელი კარი გავიხურე.
სტუდიას ძლივს მივაგენი და კარებთან ანდროს დავურეკე. ,,ახლავე გამოვალ”. გამოვიდა. მათვალიერებს. ოდნავ ელამია, ჩემი სიმაღლის. ყურადღებიანია, ამით მომხიბლა. ,,ლამაზი ხარ”, – მეუბნება და სტუდიაში მპატიჟებს. ,,ვინ ხართ?” ,,ბევრი არავინ,” – მპასუხობს. შევდივართ. მისაღებში ერთი ბიჭი ზის და უნარების ტესტს ,,აკეთებს”. ანდრო მაცნობს. ,,გიგა, ელენე”. ,,სასიამოვნოა,” – ვტყუი. ,,ჩემთვისაც,” – მინდა არ ტყუოდეს. ანდრო მტოვებს და ახლავე მოვალო, მეუბნება. ვზივარ გიგას გვერდით და სისულელებს ვისმენ. ,,რამდენი აიღე”. მეკითხება. ,,88”. ჩუმდება. არ ვეკითხები. ,,აი, აქ რატოა სწორი ა და არა გ?” ვუყურებ. ვცდილობ გამოვიცნო, მართლა აინტერესებს, თუ იმდენად უჭირს, რომ სხვა თემის შერჩევა არ შეუძლია. უფრო მეორე. სხვა გზა არ მაქვს. ვუხსნი. ვერ იგებს. ორივე მოუთმენლად ველოდებით ანდროს. მოვიდა. ,,ხო მაგარი ვინმეა?” ,,არა,” – ვპასუხობ. ,,რატო?” – მეკითხება იმდენად გაკვირვებული, რომ მისი გაკვირვების ინტენსივობა მიკვირს. ,,ვიხუმრე,” – ვტყუი და ვიღიმები უსინდისოდ. ,,წამო სამონტაჟოში”. შევყავარ და მაშინვე იცვლება. დაჟინებული მზერა მაღიზიანებს. თან უფრო ელამდება. ძალდაუტანებლად ვსაუბრობთ, უცებ მონიტორზე ანიმაციურ ზღარბს ვამჩნევ და ,,თქვენი სტუდიის ნამუშევარია?” – ვეკითხები და თვალებს ვჭუტავ. შორს ვზივარ. ,,ხო, აი, ნახე,” – მეუბნება და კიდევ სხვა ნახატებს მაჩვენებს. ვერ ვხედავ და ახლოს მივდივარ. ჩემი ერთი ფეხი მის მუხლებს შუა ხვდება. ის კომპიუტერში სურათს სურათზე მათვალიერებინებს. ცოტა უხერხულად ვარ დახრილი. ,,დაჯექი,” – მეუბნება და კალთაზე მითითებს. თავს ძალას ვატან და არ მიკვირს. ,,დავჯდები,” – ვეუბნები ისე, რომ იხტიბარს არ ვიტეხ და ვჯდები. სურათები მთავრდება და ზუსტად ერთ წუთში ჩემს ადგილს ვუბრუნდები.

ანდრო ახლოს მოდის და თვალებში მიყურებს. ,,ლამაზი თვალები გაქვს,” – მეუბნება. უარესს ვერაფერს იტყოდა. ვფიქრობ. ,,გმადლობ,” – ვეუბნები და თვალს ვუსწორებ. არ უთქვამს რომ მოვწონვარ. არც რომ ვუყვარვარ ის. მერე რა. სიტყვას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. გამოხატავს! ვფიქრობ და ვუფიქრდები – გამოხატავს?
ამ დროს ლოყაზე მკოცნის. მერე ტუჩის კუთხეში, თვალებს ვხუჭავ. პირს ვაღებ. პირველია. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა თუ არ მიყვარდა გული ამერეოდა, არ ამრევია. მსიამოვნებს. მიკვირს. გული მიცემს. ხელს მაისურსა და პიჯაკს შორის მიყოფს და წელზე მხვევს. შემთხვევით კბილებს ერთმანეთზე ვახლით. არ ვიმჩნევთ ამ ხმას. რამდენიმე წუთში ვჩერდებით. თვალებს ვახელ. მიყურებს. ელამია. პირში მისი დიროლის გემოს მრჩება. მწარეა, პიტნის. ვიღაც კარს გვიღებს. ანდროს რაღაცას ეკითხება და მშრალად მესალმება. ვესალმები.
გადის. ,,თუ გინდა კარი დავკეტოთ,” – მეუბნება ანდრო. ,,არ მინდა,” – ვეუბნები. ისევ მოდის და მკოცნის. ამჯერად ცოტა ხანს გრძელდება. გული ამოვარდნაზე მაქვს. გრძნობს და გულზე ხელს მადებს. გული თორმეტ წლამდე იყო. ახლა მკერდია, მართალია პატარა, მაგრამ მაინც მკერდი. პულსი უფრო მიჩქარდება დ ახელს ვაღებინებ. მკოცნის. არარ ვკოცნი. ,,ნათლიაჩემი უნდა მოვიდეს, საუკუნეა არ მინახავს,” – ვეუბნები და მოვდივარ. თარხნიშვილზე ვეშვებით. ტროტუარის არარსებობის გამო გვერდიგვერდ არ მივდივართ. მე წინ ვარ. ის უკან. უცებ უკნიდან წელზე ხელს მხვევს და მარცხნივ მწევს. მანქანამ ჩაიქროლა. უკან ვიხედები. ვიღიმები და ვთხოვ, რომ სტუდიაში დაბრუნდეს. მიჯერებს.
სახლში მივდივარ. სიცხე მაქვს. სისულელებს მწერს. ,,მანდ რომ ვიყო გაგათბობდი”; ,,შენი ტუჩების სითბოს ახლაც ვგრძნობ”. ვერ ხვდება რა უნდა მითხრას. ვემშვიდობები და ვიძინებ.

ორი დღის შემდეგ მირეკავს. მანმადე არ მწერს. არ ვწერ. ,,ელე, ტელევიზიასთან გამოხვალ?” მგონია ტელევიზიასთან ვხვდებით და მერე სადმე გავივლით. ვთანხმდები. ,,გამოვალ”. ერთ საათში მზად ვარ. ყავისფერი ,,იუბკა” მაცვია, ფეხზე დაბალძირიანი ფეხსაცმელი, თმა კულულებად, როგორც მაქვს, ბუნებრივად. სახეზე ოდნავ მუქი ტონალური მისვია თხლად. კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. ტელევიზიასთან ვხვდები. თეთრი პერანგი აცვია და წუწუნებს, რომ სადღაც შეუმჩნეველი ლაქა აქვს და გამოცვლას ვერ ახერხებს. არ მსიამოვნებს არც წუწუნი, არც მისი პეწიანობა. ტელევიზიის გვერდით შენობისკენ მივყავარ. ,,მანდ რა გვინდა?” – მიკვირს. ,,მე ხო რეჟისორის ასისტენტი ვარ,” – თავს არ ვუქნევ თითქოს ვიცოდი. არ ვიცოდი. ,,გადაღება გვაქვს,” – რაღაც ტელეგადაცემას მისახელებს, – ,,რვა საათზე”, – ახლა ხუთია. ,,კარგი რა,” – ვაპროტესტებ. ,,მაშინ გავისეირნოთ”, მივსეირნობთ ტელევიზიასა და ამ შენობას შორის. არასასეირნო ადგილია. არაფერს ვეკითხები. ვუცდი, რომ მეტყვის რაღაცას მაინც, რასაც ველოდები. ,,დაჯექი,” – მეუბნება. ძირს ასფალტია და ხმელი ფოთლები ყრა. არ ვჯდები. თვითონ ჯდება ფეხებმოკეცილი. ვუყურებ. რა უნდა ვერ ვხვდები. ,,წავიდეთ რა,” – ვეუბნები. ,,დაჯექი რა, ცოტა ხანს,” – დგება, – ,,თორე მე დაგსვამ,” – ხელში მიყვანს და ისევ ჯდება. ასფალტზე ვეშვებით. მკოცნის. ვკოცნი. ხელს მუხლზე მადებს. არ მსიამოვნებს. ვდგები და მივდივარ. ვერ ხვდება რა მეწყინა. რა მინდა საერთოდ. რა არ მესიამოვნა. რაზე ვბრაზობ. მივდივარ სახლში და მთელი დღის განმავლობაში ცუდ ხასიათზე ვარ. ღამით ვბედავ და ვწერ სამ თუ ოთხ შეტყობინებას (სათქმელი დიდი იყო), რომ მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც მარტო ფიზიკური სიახლოვე რამეში არგია და ა.შ. მოკლედ, ვთხოვე, რომ გველაპარაკა. სულ – არა, ხანდახან, მაგრამ გველაპარაკა.

ორიოდე თვე არაფერი ისმის მისგან. ვერ მივხვდი რა მოხდა. ბევრი ვიფიქრე. მერე რომ გადავხარშე მეგობრებს მოვუყევი. ამიხსნეს.

ორი თვის შემდეგ მომდის message. ,,ელე, მაპატიე, არ მინდოდა ასე გამოსულიყო, შევცდი…” ,,დავაი რა,” – ვწერ.

24.10.2009

(ნაწყვეტები მოთხრობიდან)

წერილი #9

შეშინებული ვარ. აქ სანგრებში რაღაცები წუიან, მე ვამბობ რო კოღოა, ბიჭები კი ამბობენ, რომ კოღოები ამ გვალვაში არ არიან, და რომ ჩვენგან ჩრდილო-დასავლეთით რო ლელიანია იქ არი ყველა კოღო. მე კიდევ ვამბობ, რომ რაღაც მაინც უნდა წუოდეს მაშინ, როცა წუილი გესმის. ბიჭები მეუბნებიან, რო სანგრიდან რომ ავიდე და გავიარ-გამოვიარო არაფერი მომივა, ანუ გამოდის, რომ ტყვიების წუილიც გამოირიცხა. მე მაინც ვამბობ, რომ რაღაცები გამუდმებით წუიან და ღამე მოსვენებას არ მაძლევენ. ისინი კიდევ ამბობენ, რომ მე გიჟი ვარ და დროდადრო ფარაჯის სახელოებს უკან მიკრავენ და სიყვარულით სახეს ტალახით მითხუპნიან. მე კიდე ვეუბნები, რო ჯობს ხუმრობას მორჩნენ და ისევ სანგარში ჩამსვან და დამიბრუნონ ჩემი ჩექმები, რომლებიც ვასაკებით ამოავსეს. აქ ბევრი ვასაკაა. ხო გახსოვს, ყოველთვის მიყვარდა ბაყაყები. ჩემს კასრში ათასობით წვრილი თავკომბალა მყავდა და მხოლოდ მაშინ ვკარგავდი, როცა თავსხმა წვიმა იყო და კასრი პირამდე ივსებოდა.

შენ მთხოვე, რომ შენთვის სამკუთხა წერილები მომეწერა, მაგრამ დაგავიწყდა, რო მე ყოველთვის ცუდად ვერკვეოდი ფიგურებში. ვერაფრით გავიხსენე როგორია სამკუთხედი. აქ ბიჭებს ვკითხე და ჩემს თავზე მიმითითეს. მე კიდევ სარკე არ მაქვს, რომ ვნახო როგორი თავი მაქვს, წყალი კი იმდენად მტვრიანია, რომ ჩახედვისას საკუთარი თავი არ ჩანს. ალბათ ვერც ამ წყალში მსხდომები გვხედავენ ჩვენ, ვინც ზემოდან დავყურებთ. გვალვა ვახსენე, მაგრამ გვალვის ნიშნებს მე ვერ ვხედავ. ძალიან ბევრი გუბურა გვხვდება სიარულისას, რატომღაც სულ მძინარე ადამიანების გვერდით. ამ წყალზე სულ ჩვენი თამაში მახსენდება, პლასტელინებით, რო გადავზილავდით წითელს, ყვითელს და ლურჯს, აგურისფერს და ყველაფერს და ყავისფერს რო ვღებულობდით, ოღონდ სანამ ბევრჯერ მოვზელდით ადგილ-ადგილ წითელი და სხვა ფერები რო ჩანდა. ბიჭები ამ გუბურებიდან წყლის დალევას მიშლიან. მეუბნებიან რომ ისეთ ბოროტ ადამიანად გადავიქცევი, რომელიც მეორე ადამიანს ეჩხუბება. სულელები არიან, ეგ რომც არ ეთქვათ მე ისედაც არ ვსვამ ჭუჭყიან წყალს, თან ყავისფერს.
null

აქ სულ კარგი ამინდებია. მაგრამ ბიჭებს არ მოსწონთ, ამბობენ, ამ ამინდების ბრალია რო ამდენი ხანი ბაყაყებს ვჭამთო. მე ვეუბნები რომ ნუ ამბობენ ასეთ რამეებს, და ქათმებს ბაყაყებს ნუ ეძახიან. ჩვენ კარგად ვიკვებებით. ქათმები ჩვენთვის თენგოს მოაქვს. თენგო ხო გახსოვს? მოკლე კისერი რომ აქვს. ჰოდა მაგას მოაქვს ხოლმე. და თვითონვე ატყავებს ისე, რომ ბუმბულსაც ვერ ნახავ. არ ვიცი რატომ, მაგრამ აქაურ ქათმებს ძალიან პატარა ფეხები აქვთ და თან ცოტა სხვა გემო აქვთ. წყალი გაგვითავდა და გუშინ ამიტო ცოტა გავნერვიულდი. ძალიან ბევრს ვყვიროდი და მერე უცებ გავითიშე. ალბათ დაღლილობისგან. ახლა თავი მტკივა და ამობურცული მაქვს თავზე. ალბათ წითელიც. იმიტო რო თმა იმხელაზე ამომივიდა აღარაფერი ჩანს. აქ აღარ გვაიძულებენ თავის გადაპარსვას. თავიდან ამათ რო მიპოვეს უფროსმა ეგრევე, მერე რა რომ გოგოაო, თავი გადაპარსეთო, რო მკბენარებმა მაგის თმა ბუდედ არ გაიხადონო და სულაც, ისინი რო არ მიხვდნენო რო გოგოაო. საერთოდაც, ბევრნი აღარ ვართ. სულ თორმეტნი დავრჩით. თორმეტს იმიტო ვამბობ რო თენგომ თქვა, თორემ მე ისევ ცხრამდე ვიცი თვლა.

ჩემი ამბები მოგიყევი. ახლა შენზე მინდა გელაპარაკო. ბოლო დროს არ მომწონს როგორ წერილებსაც მწერ და მინდა რომ არ იდარდო. როცა დრო გავა ყველაფერი დაგავიწყდება. აი მე ხო დამავიწყდა ბაღში მე რომ მომწონდა იმ ბიჭმა თავზე პლასტელინი რო დამაწება და მერე რო ბაღიდან გააგდეს. ესე დაგავიწყდება შენც. პლასტელინი ბევრს არაფერს ნიშნავს, აი თავზე რო სუპი დაეწებებინა მაშინ მეც გამიხარდებოდა რომ გააგდებდნენ. ხო იცი როგორ არ მიყვარს სუპი. აი პლასტელინი კი არაფერია. შენც თუ დაგაწებეს. არაუშავს. მოკლედ, არ მინდა ამაზე ინერვიულო და საერთოდ არაფერზე არ მინდა ინერვიულო. აქედან რო ჩამოვალ რაღაცებს ჩამოგიტან. აქ ერთი ხეა, რომელიც რაღაც უცნაურ რამეებს ისხამს. ბიჭებს არ ჯერათ, მაგრამ ღამღამობით ეს ხე ყველაზე მაღალია და იქ, სადაც მისი თეთრი ყვავილები არ იშლება, ულამაზეს რაღაცებს ისხამს. ამ რაღაცებს გიგროვებ და ჩამოგიტან. ისე, უცნაურია არა? ეს ხე მთვარის შუქზე შლის ყვავილებს და სულ თეთრდება. მთვარე ჩვენთან სულ არი. მიუხედავად იმისა, რო გადასახადებს არ ვიხდით. არადა ბებია სულ მეუბნებოდა. რომ რაც ანთია ყველაფერი ჩემი გადასახდელიაო და დადიოდა და აქრობდა და დადიოდა და დადიოდა. ხო იცი როგორ არ მიყვარდა მაგის სიარული. ასე მეგონა ჩემს სხეულზე დადიოდა. აქ კიდე მთვარეა და მე მგონი ეს ხე უხდის გადასახადებს.

ახლა უნდა წავიდე. ბიჭები მეუბნებიან რო დასაზვერად მიდიან და მე სანგარში დავრჩე, ხოლო თუ ვინმე მოვიდა, დავიმალო და არ გამოვიდე. ბიჭებმა არ იციან სტუმართმოყვარეობა, მაგრამ ჭკვიანები არიან და ამიტომ ვუჯერებ. მიყვარხარ და რომ ჩამოვალ უამრავ რამეს ჩამოგიტან. მაპატიე. რომ სამკუთხედი არ მახსოვს როგორია, თუ დამიხატავ, ეგეთ წერილსაც გამოგიგზავნი.

წერილი #13

ღამღამობით, როცა ბიჭები დაღლილები სხედან და ჩექმებს სველი მიწისგან წმენდენ, მე ცას ვუყურებ და მინდა ველაპარაკო. მარა სიბნელეში მგონია ჩემი ხმა ქვეყანას ესმის, იმიტო რო პატარა ჭრიჭინების ხმა ისეთი ხმამაღალია და ჩემი ბოხი ხმა როგორი იქნება… ამიტომ ბიჭებსაც კი ჩურჩულით ველაპარაკები. ისინი უკვე ვეღარ მიძლებენ, მე ხომ ვიცი, სულ თავიდან, როცა მიპოვეს და მათ ასეულში მიმიღეს, წყალი გვქონდა და რაღაცებს მაინც მარეცხინებდნენ. ახლა ცოტა დრო დაგვრჩაო ამბობენ, იმიტომ რომ წყალი დროაო და წყალი გადისო. ამაზე სულ ის მახსენდება, მე და ჩემი მეგობარი ფრანგულ გადაცემას რომ ვუყურებდით და იქ მე სულ რო თვალებს ვხუჭავდი და მერე ის რომ მიყვებოდა ხოლმე, როგორ დაძვრებოდნენ ადამიანები გველებსა და ობობებში. მე მიყვარდა მისი მონათხრობის მოსმენა და ამიტომ ვუსმენდი ყველაფერს, რასაც მიყვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მერე მთელი ღამე არ მეძინა. იმ გადაცემაში იყო ქვიშის წყლის საათი, ქვიშის მაგივრად წყალი ესხა და რომ ამოატრიალებდნენ ზემოთ რაც ესხა ქვემოთ ნელა ჩამოდიოდა. მაგრამ მანდ წყალი არ თავდებოდა, დაუსრულებლად შეეძლოთ ეტრიალებინათ. აქ კი თავდება, იმიტომ რომ ჩვენ თავებზეც რომ დავდგეთ მაინც არ გამოვა ის წყალი გარეთ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ იმ გადაცემაში წყალი არ იყო, იმიტომ რომ რაღაც ლურჯი იყო, ცოტა იყო, მაგრამ ბევრიწყლისფერი იყო, და ცოტა წყალს ბევრიწყლისფერი არ აქვს ხოლმე, ასე ამიხსნა მამამ ადრეადრე.

ახლა დღეა და ვარსკვლავები სადღაც გაქრნენ. ბიჭები ამბობენ, შუქში შუქი არა ჩანსო და იმიტო გაქრნენო და მე არ მჯერა, მზე ხო შუქია და დღისით ხო ჩანს, მოკლედ, არ ვიცი, მაგრამ ღამით სულ მინდა რომ ვარსკვლავებს ველაპარაკო, იმიტომ რომ ბიჭები რომ ლაპარაკობენ მერე იღლებიან და ძნელად სუნთქავენ. ბოლო დროს მთელი დღეები სანგარში სხედან და არსად მიდიან. რადიო გააკეთეს და ბრძანებას ელოდებიან, იმიტო რო ღამღამობით რაღაც დიდი ნათებები ჩნდება ცაზე და გრუხუნი ისმის, ხანდახან მთელი ღამე და ბიჭები მეუბნებიან რომ აქედან ფეხი არ გავადგა. რაღანაირად უნდა გავადგა, როცა ერთი ფეხი გუშინ მოვიტეხე, სულ ვარსკვლავების გამო, ღამე ფისის საქნელად გავედი და რო ვბრუნდებოდი მივაშტერდი, ამისრიალდა ფეხი და ბეჭებზე დავეცი. დილით ბიჭებმა მიპოვეს. ამბობენ ბევრი არაფერი გჭირსო. მე ვერაფერს ვგრძნობ, მაგრამ ბიჭები ამბობენ, ფეხი გაქვს მოტეხილი და იმიტო ვერ გრძნობო და რადგან მოტეხილი გაქვს არსად არ უნდა წახვიდეო. დღეს მეორე ფეხს ვაკვირდებოდი და მგონი ისიც მოტეხილი მაქვს, მაგრამ ბიჭებისთვის არ მითქვამს, იმიტო რო ინერვიულებდნენ, თან ვერც ამას ვგრძნობ და ის ერთი რო მომირჩება, ესეც მომირჩება და ბიჭები ვერ შეამჩნევენ.

გუშინ თენგო ტიროდა. ამაზე უფრო მინდოდა ლაპარაკი, ვიდრე ფეხზე, მაგრამ ღამით ლაპარაკი ხმამაღლა ისმის და არ მინდოდა თენგოს გაეგო. ძალიან მიყვარს თენგო და მინდა რომ არ ტიროდეს და ბიჭები კიდე ამბობენ, რომ თუ ვარსკვლავებს ვუყურებ და რომელიმეს მოწყვეტილს დავინახავ, სურვილი უნდა ჩავიფიქრო და ამიხდება, რადგან ამდენი შეუძლიათ, მგონი ისიც შეუძლიათ, რომ თენგო არ ტიროდეს. იმიტო რო ბიჭი რო ტირის, სულ ის ცუდი დრო მახსენდება მძინარე ადამიანებს რომ ვხედავდით და ყველა რო ტიროდა ჩემ გარდა და თან რო არ მეუბნებოდნენ რატო ტიროდნენ და თვალებზე ხელებს რო მაფარებდნენ.

ახლა უნდა წავიდე, წავიდე კიარა, შევწყვიტო წერა, ბნელდება და ბიჭები მეუბნებიან თვალებს გაუფრთხილდიო, შენ ჩვენზე უკეთ ხედავ შორსო.

ვარსკვლავებს ვთხოვე, რომ თენგოზე რაც ვუთხარი არ დაავიწყდეთ, და წყალი გვინდა კიდე, მე მაქვს, ბიჭები მაძლევენ, მარა იმათ ცოტა რჩებათ ალბათ.
აბა კარგად.

დახოცეთ ყველა ))…

მომეწონა ცლიპი და აზრიც ))..
მოკლედ, გაანებეთ ცხოველებს თავი რაჰ.

ჰოდა კლიპი Jurjen Bosklopper-ის ანიმაციითაა

კაცური სოლიდარობა =))

« Newer Posts - Older Posts »